საბრძოლო მოქმედებების გამო, რუსეთს ბელგოროდის ოლქიდან რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია დასჭირდა

უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის და კურსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს უკვე რამდენიმე დღეა, უტევენ შეიარაღებული ჯგუფები, რომელთა წევრები აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

დღეს, 15 მარტს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფლებიდან: გორა-პოდოლი, გლოტოვო და კოზინკა ევაკუირებულია 400-მდე ადამიანი. 


14 მარტს, ღამით გავრცელებული ცნობებით, კოზინკის რაიონში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობდა. შუაღამის შემდეგ გუბერნატორმა გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ კოზინკაში „ძალიან სერიოზული ნგრევაა“.

ამასთან, „ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე „უკრაინის ჯარები არ არიან“ და ბრძოლა ოლქის საზღვრებს მიღმა მიმდინარეობს. ამას უარყოფენ მოხალისეთა ჯგუფები. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეა.


ამ კვირაში პირველი ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“, 12 მარტს გავრცელდა. რუსეთს ეს ფორმირებები ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.