ევროკავშირი: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით, ყაზახეთის მკაფიო პოზიციას მივესალმებით

ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმაოს და გააფართოოს ურთიერთობები ყაზახეთთან ყველა, ორმხრივად მომგებიანი მიმართულებით.

ევროკავშირი ყაზახეთს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო აქებს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ყაზახეთის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მურატ ნურტლეუს თანდასწრებით წაიკითხეს.

„ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის მკაფიო პოზიციას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან დაკავშირებით და მის მიერ საერთაშორისო სამართლის დაცვას, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების მიმართ პატივისცემას,“ - ნათქვამია განცხადებაში.


ევროკავშირმა ასევე მადლობა გადაუხადა ყაზახეთის მთავრობას "აქტიური და კონსტრუქციული ჩართულობისთვის ეუთოს, როგორც საერთო უსაფრთხოების პლატფორმის მხარდასაჭერად, ასევე, მისი ძალისხმევისთვის, გააძლიეროს რეგიონული თანამშრომლობა ცენტრალურ აზიაში."

ყაზახეთი მხარს უჭერს უკრაინაში სისხლისღვრის შეწყვეტას „სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.“ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სჭირდება რუსეთისა და ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება.