აშშ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების პროექტს იწყებს

აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიული და ტაქტიკური შესაძლებლობების გაძლიერება (SOTIC)“ - იწყება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საზღვრის მართვის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების მუდმივი განვითარების საჭიროებაზე ისაუბრა.


მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისათვის აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.


ღონისძიება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით განხორციელებული ტრენინგების ფარგლებში ჩატარდა.

გახსნით ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველი - კარენ ჩეისონი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი. შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია უწყების შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის მართვის მიმართულებით.