ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა

15 მარტს ოდესაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა.

ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეჰ კიპერმა განაცხადა.


„რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები, ექიმი და მაშველი არიან. კიდევ 46 ადამიანი, მათ შორის, საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის შვიდი თანამშრომელი დაშავდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დაშავებულთა საერთო რაოდენობა დგინდება, ყველა მათგანს უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10 სახლი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და სახანძრო-სამაშველო ავტომობილები. ადგილზე გაზსადენი მილის აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო მიმდინარეობს.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე 15 მარტს გამთენიისას დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. მსხვერპლი იყო ვინიცის ოლქშიც.