კიბერსწავლება Cyber Coalition 2024-ის დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა

კიბერსწავლება Cyber Coalition 2024 საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

Cyber Coalition NATO-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება.

კიბერსწავლების მიზანს კიბერსივრცეში NATO-ს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება, კიბერინციდენტების მართვისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს.


საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიურო სწავლებაში ბოლო ხუთი წელია, აქტიურად მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ გახსნა და საქართველოსთვის აღნიშნული სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მან ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.