Politico: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას

დასავლეთის ქვეყნებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა, თუ ბრძოლის ველზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, განუცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა Politico-ს 15 მარტს. ვალტონენის კომენტარები უახლესი დისკუსიების სერიის ნაწილია, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მას შემდეგ გაგრძელდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თებერვალში განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა გამორიცხული არ არის.


მაკრონის კომენტარებმა მოკავშირეებს შორის აქტიური დებატები გამოიწვია, NATO-ს ბევრმა წევრმა, მათ შორის, გერმანიამ და აშშ-მ, კატეგორიულად უარყვეს ეს შესაძლებლობა.

მაკრონმა ამის შემდეგ გაიმეორა, რომ უკრაინის ომი საფრანგეთისთვის „ეგზისტენციალურია“ და რომ „ყველა ვარიანტი შესაძლებელია.“

ვალტონენმა აღნიშნა, რომ ფინეთს ამჟამად არ სურს ჯარის გაგზავნა და არც მზად არის ამის განხილვისთვის. ამავდროულად, „მნიშვნელოვანია, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი არ გამოვრიცხოთ, რადგან არასოდეს ვიცით, რამდენად სერიოზული ხდება სიტუაცია.“


მაკრონის წინადადების შემდეგ, ფინეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა საული ნიინისტომ თებერვალში განაცხადა, რომ ის არ იყო უკრაინაში ჯარების გაგზავნის მომხრე. ნიინისტო პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, შეცვალა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის აშკარა მომხრეა.

ვალტონენმა განმარტა, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების გაზრდა ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბევრ ევროპულ ქვეყანას ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.“