უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ლეგიონის “რუსეთის თავისუფლება”, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება.
„ერთმნიშვნელოვნად აქ სუბიექტურობა ჩნდება, მათ დაჯგუფებებს ვეღარ დავარქმევთ, ეს უკვე ძალა ხდება. ახლა რამდენიმე არიან, ერთად მოქმედებენ, ახლოს არიან გაერთიანებასთან რუსეთის ტრანსფორმაციის საერთო ხედვის გარშემო. მათ შეუერთდებიან რუსეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც იმყოფებიან,” - განაცხადა ბუდანოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული შენაერთების წარმომადგენლები “უახლოეს პერიოდში გაჩერებას არ აპირებენ.
„24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ჩვენის შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მათ დავეხმაროთ,“ - განაცხადა ბუდანოვმა.