რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მისმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა წუხელ მოსკოვის, ბელგოროდის, კალუგას, ორიოლის, როსტოვის, იაროსლავისა და კურსკის ოლქებში და კრასნოდარის მხარეში 35 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
რუსეთი აცხადებს, რომ ღამით 8 ოლქში 35 დრონი ჩამოაგდეს.
„გასულ ღამეს და 17 მარტის დილას აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ყველაზე მეტი - 17 უპილოტო საფრენი აპარატი - კრასნოდარის მხარეში ჩამოაგდეს, ოთხ-ოთხი - მოსკოვისა და იაროსლავის ოლქებში, სამ-სამი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ორი - კალუგაში და თითო-თითო ორიოლისა და როსტოვის ოლქებში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დრონით ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა სცადეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. რუსული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად, კომპანიის ერთი თანამშრომელი გულის შეტევით გარდაიცვალა.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა მოსკოვის ოლქის დომოდედოვოს, რამენსკის და სტუპინსკის რაიონებში. თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. ამ ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.
Reuters-ი წერს, რომ ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე.
„მოსკოვი კიევს არჩევნების დივერსიაში ადანაშაულებს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორი წლის წინ მეზობელ უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა," - წერს სააგენტო.