“საბჭოთა ეპოქის ნიშნებს შეიცავს, გასათვალისწინებელია ახალგაზრდების გონივრული არგუმენტები“ - ყაზახეთის პრეზიდენტი გერბის შეცვლას აანონსებს

ყაზახეთისა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ სახელმწიფო გერბი ძალიან რთულად აღქმადია და ის საბჭოთა ეპოქის ნიშნებს შეიცავს.

„სახელმწიფო გერბთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, გავითვალისწინოთ პროფესიონალებისა და დაინტერესებული მოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების გონივრული არგუმენტები იმის შესახებ, რომ ყაზახეთის გერბი ძალიან რთულად აღქმადია, შეიცავს საბჭოთა ეკლექტიზმისა და ეპოქის ნიშნებს,“ - აღნიშნა თოყაევმა.


მისი თქმით, თუ იქნება საერთო შეთანხმება, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც არსებითად განიხილავს ყველა ასპექტს, გამართავს საჯარო განხილვას და შემდეგ გამოაცხადებს ღია კონკურსს ახალი გერბის საუკეთესო ესკიზისთვის.

გარდა ამისა, თოყაევმა გაიხსენა, რომ გასულ წელს, მან ისაუბრა ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების სიმბოლოების სისტემატიზაციისა და ერთიან სტანდარტამდე მიყვანის აუცილებლობაზე.

ყაზახეთის გერბზე, რომელიც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით 1992 წელს დაამტკიცეს, გამოსახულია შანირაკი (იურტის ზედა ნაწილი), რომელიც ყველა მიმართულებით მზის სხივებს ასხივებს, ორივე მხარეს კი, დატანილია მითიური ფრთოსანი ცხენები, შუაში კი, ხუთქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული.