რუსეთის ცესკო: ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ  რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%.

რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით : ნიკოლაი ხარიტონოვმა ხმების 4.30%-ი მიიღო, ვლადისლავ დავანკოვმა - ხმების 3.80%-ი, ლეონიდ სლუცკიმ - 3.17%-ი. კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 15-17 მარტს მიმდინარეობდა. დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.

სამდღიანი კენჭიყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.

17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.