პუტინი პირველად ახსენებს ნავალნის გვარს და ამტკიცებს, რომ მის გაცვლას განიხილავდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის „გოსტინი დვორში“ გამართული პრესკონფერენციის დროს, მისი ოპონენტის, ალექსეი ნავალნის გვარი პირველად ახსენა და კომენტარი გააკეთა იამალის კოლონიაში პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ.

პუტინმა ოპოზიციის ლიდერის გარდაცვალებას "სამწუხარო მოვლენა" უწოდა და დაადასტურა, რომ განიხილავდა ნავალნის გაცვლას იმ პირობით, თუ იგი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. პუტინის თქმით, ნავალნის გაცვლის იდეა დასავლეთის ქვეყნებში მყოფ ზოგიერთ პატიმარში მისი ადმინისტრაციის მიღმა მყოფმა „ზოგიერთმა კოლეგამ“ შესთავაზა.


„ადამიანს, რომელიც ამაზე მელაპარაკებოდა, ჯერ ფრაზაც არ ჰქონდა დასრულებული, თანახმა ვარ, მეთქი, ვუთხარი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა," - განაცხადა პუტინმა და თქვა, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრების გარდაცვალება აშშ-შიც ხდება.


მანამდე ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა და საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელმა მარია პევჩიხმა განაცხადა, რომ 15 თებერვალს, საღამოს, მიიღო დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ის ფინალურ ეტაპზე იყო, თუმცა "16 თებერვალს ალექსეი მოკლეს,“ - აღნიშნა პევჩიხმა ვიდეომიმართვაში.

პევჩხის თქმით, ნავალნი ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდადებულ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელ, ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ.