საგარეო საქმეთა მინისტრი: მექსიკაში არავინ არ არის გატაცებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მექსიკაში ქვეყნის ათეულობით მოქალაქის გატაცების შესახებ. ეს არის მინისტრის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ნარკოკარტელის მიერ საქართველოს მოქალაქეების დატყვევებას შეეხებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს თითოეული კონსული და დიპლომატიური წარმომადგენლობა მზადაა მოქალაქეების ინტერესის დასაცავად.


„პირველ რიგში, თითოეული ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ჩვენი თითოეული კონსული, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობს, მოვალეა, ვალდებულია და ასრულებს იმ ფუნქციას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ინტერესები დაიცვან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ცალკეული ტელევიზიები საუბრობენ, რომ ქართველები არიან გატაცებულები.

თქვენ გარდა ქართველების გატაცებაზე არავინ საუბრობს. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მაყურებლები შეცდომაში. გეყოთ იმის ძალა და უნარი, რომ როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გამოხვიდეთ და თქვათ - ეს იყო დაუზუსტებელი ინფორმაცია.

ამ გატაცების შესახებ არავინ საუბრობს, თქვენ გარდა და მოგიწოდებთ, სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ! ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია. ნუ საუბრობთ, ნუ აყენებთ ადამიანებს ისეთ მდგომარეობაში, რომელმაც შეიძლება რაღაც გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს.

არავინ არ არის გატაცებული! თუკი ნებისმიერი ადამიანს, ეს იქნება მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დასჭირდება თითოეული ჩვენი დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მომავალშიც. მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი და ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში! ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ მომავალში,“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


მექსიკის საზღვართან 30-მდე ქართველის გატაცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, უკვე სამი დღეა, ქართველები სარდაფში ჰყავთ გამომწყვდეული. ამერიკის შეერთებული შტატებში ყოველ წელს საქართველოს არაერთი მოქალაქე გადადის საცხოვრებლად, ხშირად არალეგალურად, მექსიკის გავლით, რთული და გრძელი გზით.