საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.
„ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე,” - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო.