მდინარაძე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. 18 მარტს, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპონენტები "დაურეგისტრირბელი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან."

„როგორც უკვე ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ და გამოხმაურება ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე, ჩვენ დავაინიცირებთ მიმდინარე კვირაში კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისაუბრა ტრენინგებზე, რომელიც მისივე ინფორმაციით, "პრაიდის" ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა. მდინარაძემ მოუწოდა გაეროს განვითარების ფონდს და სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რას აფინანსებენ რეალურად.

„როგორც იცით, ამით ჩვენი ოპონენტები დაინტერესდნენ და ჯერ კიდევ დაურეგისტრირბელი კანონისწინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. მათ ჩაუტარდათ ტრენინგები. ტრენინგები პრაიდის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით გაიმართა, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სემინარი რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს ტრენინგები, რომლებიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა.

სინამდვილეში, სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა იყო და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებმა თავიდანვე გაავრცელეს. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა დონორ ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ, რეალურად რას აფინანსებენ. ეს იმისთვის, რომ უმცირესობების უფლებები ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში არ ავურიოთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) განმარტებით, უდიდეს ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების დაცვას ყველგან და ყველასთვის.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეფუძნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრინციპებს, რაც ჩვენი საქმიანობის საყრდენს წარმოადგენს. UNDP-ის ხელშეწყობით მუდმივად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, სემინარები თუ ტრენინგი, რომლებიც დისკუსიისა და მსჯელობის სივრცეს ქმნის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, ამ პროცესში სახელმწიფოს როლის გაძლიერებაზე, ქალებისა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე, თუ დეზინფორმაციასა და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლაზე.

შეხვედრებში მონაწილეობენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენელები. ჩვენი მიზანია, კონსტრუქციული მსჯელობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.

2024 წლის 15-17 მარტის შეხვედრა, რომელიც UNDP-ის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდთან“ თანამშრომლობით გაიმართა, სწორედ ასეთი სემინარების რიცხვს მიეკუთვნება. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლები. სემინარზე გამართული მსჯელობა შეეხო ეთიკური მედია გაშუქების საკითხებს, მედიის როლს ადამიანის უფლებების დაცვასა და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს უმცირესობათა უფლებების დაცვაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემის უფლებებზე და დეზინფორმაციის საფრთხეებზე,“ ნათქვამია კომენტარში, რომელიც UNDP-მ Europetime-ს მიაწოდა.