ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რომელშიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელიც მონაწილეობდა, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მილიარდ ევროს გამოყოფს.
უკრაინისთვის დამატებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფა და ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომაც გამოაცხადა.
„ევროკავშირი თავის ვალდებულებებს ასრულებს. უკრაინის დახმარების ფონდი ჩვენს სიტყვებს ქმედებად აქცევს. ფონდის დახმარებით რუსული აგრესიისგან თავდაცვაში უკრაინის მხარდაჭერას ყველა საშუალებით იქამდე გავაგრძელებთ, სანამ საჭირო იქნება,“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების უზრუნველყოფაზე 13 მარტს შეთანხმდნენ.