ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში საბრძოლო მასალებით დატვირთული დაახლოებით 7000 კონტეინერი გააგზავნა - სეული

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7 ათასი კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით. ამასთან, ჩრდილოეთ კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტისთვის. თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.


შინ უონ-სიკის თქმით, ფხენიანმა, სავარაუდოდ, რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ 9000-ზე მეტი კონტეინერი დახმარების სახით მიიღო.

აშშ-მ და სამხრეთ კორეამ ადრე ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულეს უკრაინის ომის დროს რუსეთისთვის ჭურვებისა და სხვა სამხედრო დახმარების გაგზავნაში. როგორც რუსეთმა, ასევე ჩრდილოეთ კორეამ უარყვეს ეს ბრალდებები.

თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება მისცა და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომელიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.