Bloomberg: ევროკავშირმა რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების წინადადება მოამზადა

ევროკავშირმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინა რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან შემოსავლის მიღებას ივლისიდან დაიწყებს.

Bloomberg-ის ცნობით, საუბარია წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი ევროს გამოყენებაზე უკრაინაში იარაღის მიყიდვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების დასაფინანსებლად.

წინადადების თანახმად, 15 თებერვლის შემდეგ მიღებული შემოსავლების ჯერჯერობით განსაზღვრული წილი გადაეცემა ევროკავშირს წელიწადში ორჯერ, ვიდრე რუსეთზე სანქციები არ გაუქმდება.

თავდაპირველად, თანხები გადაირიცხება ევროპის მშვიდობის ფონდში, კიევისთვის მიწოდებული იარაღის ღირებულების ანაზღაურებისთვის, ასევე, უკრაინის ფონდისთვის ევროკავშირის ბიუჯეტში.


მოგების ნაწილი დარჩება ცენტრალურ დეპოზიტარებში, რომლებიც რეზერვებს აქტივების მართვის ხარჯებისა და ნებისმიერი რისკის დასაფარად ინახავენ, მათ შორის, რუსეთის მხრიდან პოტენციური ანგარიშსწორების ჩათვლით.

18 მარტს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

მანამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება ევროკავშირში გაყინული რუსული ფული უკრაინის დაცვაზე დაიხარჯოს და არა მისი აღდგენისთვის.