ერდოღანმა პუტინს მიულოცა და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ თურქეთი მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაბრუნებლად. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. იტყობინება Ukrinform-ი.

„თურქეთი მზადაა, ფასილიტატორის როლი შეასრულოს უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად," - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა პუტინს „არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცა.


ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ურყევად უჭერს მხარს უკრაინის, მათ შორის, ყირიმის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერდოღანი პერიოდულად იმეორებს პოზიციას, რომ ანკარა მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების მომხრეა და მზად არის, მხარეებს შესთავაზოს პლატფორმა შესაბამისი „მოლაპარაკებებისთვის.“ ერდოღანი ამბობს, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთის მონაწილეობას, „არანაირ შედეგს არ გამოიღებს.“