ომის თავიდან აცილების მიზნით, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია დაიწყო - ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა ტავუშის რეგიონის საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლებთან შეხვედრისას ისაუბრა, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, რათა თავიდან აიცილოს ომი.

ფაშინიანის თქმით, ეს პროცესი პრაქტიკულ ეტაპზე გადადის. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ სპეციალური კომისიები უნდა წავიდნენ და გადაწყვიტონ, სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს უნდა გახდეს სახელმწიფო საზღვარი.


როგორც შეხვედრის მონაწილეებმა რადიო „აზათუთიუნს“ განუცხადეს, ნიკოლ ფაშინიანმა არ გასცა მკაფიო პასუხი საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთათვის შემაშფოთებელ კითხვებზე, მაგრამ პირობა დადო, რომ ყველა მათი შეფასება იქნება გათვალისწინებული.