საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე არ მოუმართავს. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამასთან შესაბამისობაშია მოთხოვნებთან.
„ერთი ნაწილია, რომ რუსულმა მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, საქართველოში ფრენაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენთან დაიწყებენ ფრენას. იქ კონკრეტული თარიღები და მიმართულებები უნდა შეთანხმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რა მომართვაც არ შემოსულა ჩვენთან დამატებით ამ ფრენებზე. თუმცა, რამდენადაც ხომალდები, რომელსაც ეს კომპანია იყენებს სხვა შემთხვევაში, შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომელიც გავაჟღერეთ, ასევე ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამ კომპანიამ შესაძლოა მიიღოს ნებართვა თუ მოგვმართავს, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არავის მოუმართავს,“ - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში სანქცირებული ხომალდები და ავიახაზები არ დაფრინავენ, საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად ყველა კომპანიას აქვს ძალიან მარტივი ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის საზოგადოებასთან.
„სამოქალაქო ავიაციის საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს გარეშე,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს დამატებითი ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.