სტოლტენბერგი ფაშინიანთან შეხვედრაზე: NATO-ს ყველა პარტნიორმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა პუტინმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უმასპინძლა. სომხური მედიის ცნობით, მხარეებმა სომხეთ-NATO-ს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გაცვალეს აზრები რეგიონულ პროცესებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დისკუსიებზე. მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დელეგაციების მონაწილეობით გაგრძელდა.

სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აცნობეს, პირისპირ შეხვედრისას თანამოსაუბრეებმა სომხეთ-NATO-ს ურთიერთქმედების საკითხები განიხილეს. 


სტოლტენბერგმა შეაქო სომხეთი მისი ხანგრძლივი პარტნიორობისა და NATO-ს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორი,ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდისთვის.

„თითქმის 20 წლის განმავლობაში, სომხეთი არის მთავარი პარტნიორი NATO-ს KFOR-ის სამშვიდობო მისიაში, რომელიც ეხმარება კოსოვოს ყველა თემისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს უზრუნველყოფას,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესახებ გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, მიაღწიონ შეთანხმებას ურთიერთობების ნორმალიზაციისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის გზაზე.

„ეს მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ უფრო სახიფათო სამყაროს წინაშე ვდგავართ,” - ხაზგასმით აღნიშნა მან და გაიმეორა, რომ ”NATO მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის მშვიდობიან მისწრაფებებს.”

მან ისაუბრა უკრაინაზეც. „თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ მისი აგრესია აქ არ შეჩერდება და სხვა ავტორიტარული აქტორები გათამამდებიან,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა.

სტოლტენბერგმა NATO-ს ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა პუტინმა არ გაიმარჯვოს თავის აგრესიულ ომში.“


მან გაიმეორა, რომ „ბრძოლის ველზე ვითარება რთულია, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაძლიერდეს.

ვიზიტის დროს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა სომხეთის საშინაო რეფორმების პროგრესზე. 

„თქვენ ასევე აჩვენეთ რეალური ვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.