უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ მარტის დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის 130 რაკეტა, 320-ზე მეტი „შაჰედის“ დრონი და თითქმის 900 მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენეს.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ყოველ დღე და ყოველ ღამე აწარმოებს ტერორისტულ ომს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ თვითმფრინავებით, რაკეტებით და მართვადი ბომბებით.
„უკრაინამ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, ეფექტიანად ჩამოაგდოს რუსი ტერორისტების ნებისმიერი რაკეტა და დრონი, ჩვენ შეგვიძლია, გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი. ჩვენი ასეთი ქმედებები ათასობით ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს და უკრაინის ეკონომიკას ფუნქციონირების შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა - საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმაოდ რეალური რაოდენობა, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. Patriot-ებმა და სხვა სისტემებმა უნდა გააკეთონ ის, რისთვისაც შეიქმნენ, კერძოდ, დაიცვან სიცოცხლე და არა მტვერი დაედოთ საწყობში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოში ყველას, ვისაც ეს ესმის და ვინც ხელს უწყობს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.