ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონო „ბორდერიზაციისა" და უკანონო დაკავებების საკითხებს დააყენებს. შეხვედრის წინ მედიასთან კომენტარი სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ გააკეთა.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ესენი გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები. უკანონო „ბორდერიზაციის“ კუთხით, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა სამი ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. ეს გახლდათ უკანონო ინსტალაციების - მავთულხლართების - დამონტაჟებისა და განახლების პროცესი. ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ კნოლევსა და სოფელ ჩოლიბაურის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესი. რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, აღნიშნული პროცესი დაფიქსირდა სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ," - განაცხადა ანთაძემ.
სუსის წარმომადგენლის თქმით, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ექვსი მოქალაქე. „დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა," - განაცხადა ანთაძემ.
შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე შეეცდება, გაარკვიოს გასული წლის 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის საქმის დეტალები.
„დადგება საკითხი, არის თუ არა აღძრული საქმე თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები," - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 117-ე შეხვედრა მიმდინარე წლის 13 თებერვალს გაიმართა.