უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისა საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდება მათ, ვინც ვლადიმერ პუტინს არჩევნებში ე.წ. გამარჯვებას ულოცავს. დანილოვმა აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანას ავიწყდება, რომ „ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.“
„ჩვენ ახლა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვინ მიესალმება „პრეზიდენტ“ პუტინის ე.წ. გამარჯვებას. საკმაოდ საინტერესო სიაა. არსებობს გაგება, ვინ რა ინტერესებით ხელმძღვანელობს ამ დროს და ვის რა ინტერესები აქვს იმაში, რომ მიესალმოს ამ თანამედროვე ჰიტლერის თითქოსდა ხელახლა არჩევას,“ – განაცხადა დანილოვმა.
შეგახსენებთ, პუტინს გამარჯვება მიულოცეს ინდოეთის პრემიერმა, თურქეთის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცეს ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა, ჰონდურასის პრეზიდენტმა სიომარა კასტრომ, ბოლივიის პრეზიდენტმა ლუის არსემ, კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა, ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ და ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმაც.