ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა რუსებს, რომლებიც ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში პროპაგანდასა და ყალბ ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა.
აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) დააწესა სანქციები ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც "საინფორმაციო მომსახურებას" უწევდნენ რუსეთის მთავრობას.
„მოსკოვი იყენებს უამრავ ინსტრუმენტს, მათ შორის, მავნე გავლენის კამპანიებს და უკანონო კიბერ აქტივობებს, რათა ძირი გამოუთხაროს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებს, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში," - ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა მისა, აშშ-მ ახალი სანქციები დაუწესა ქსელს, რომელიც ირანში რაკეტების წარმოებას აფინანსებდა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დააწესა სამი შესყიდვის ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ირანში, თურქეთში, ომანსა და გერმანიაშია დაფუძნებული.
უწყების ცნობით, ისინი მხარს უჭერდნენ ირანის ბალისტიკურ რაკეტებს, ბირთვულ და თავდაცვის პროგრამებს, ასევე, ყიდულობდნენ ნახშირბადის ბოჭკოებს, ეპოქსიდურ ფისებს და სხვა მასალებს რაკეტებისთვის, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის აეროკოსმოსური ჯიჰადის ორგანიზაცია, ირანის თავდაცვისა და ლოგისტიკის სამინისტრო და სანქცირებული სხვა სუბიექტები იყენებდნენ.