აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს. რეზოლუციის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა, სიუზან უაილდმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბავშვების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არღვევს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალადობის კამპანიაში ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულები ყველაზე ამაზრზენი ასპექტია,“ – აღნიშნა კონგრესმენმა.
უაილდი ამბობს, რომ ის კოლეგებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა რეზოლუციამ კონგრესისგან სრული მხარდაჭერა მიიღოს.
„რუსეთი ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ბავშვების თაობა,“ – აღნიშნა კონგრესმენმა.
უკრაინელი მოზარდები, რომლებიც გადაურჩნენ რუსეთის მიერ გატაცებასა და წამებას, აშშ-ის ჰელსინკის კომისიას იანვარში, მოსმენების დროს ჩვენება მისცეს.
რეზოლუციის საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა.
ჰააგის სასამართლოს ლვოვა-ბელოვას და პუტინის დაკავების ორდერები აქვს გაცემული უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციის გამო.