„სანქტ-პეტერბურგის დიდმა პორტმა“ (BPSPb) თებერვალში დრონების თავდასხმების ფონზე, რიგი ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა შეწყვიტა. მომავალში გადაზიდვა უსტ-ლუგაში ან სხვა დასახლებულ ზონაში გადაიგზავნება, წერს კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით. ოპერაციები შეწყდა ხელისუფლების ბრძანებით და ქალაქგარეთ გადატანის მითითებით, განაცხადეს გამოცემის თანამოსაუბრეებმა.
ერთ-ერთი მათგანის ცნობით, სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე იანვრის თავდასხმის შემდეგ, გუბერნატორი ალექსანდრე ბეგლოვი შესაძლო დივერსიაზე შიშობს, რამაც ქალაქისთვის შეიძლება, დამანგრეველი შედეგები მოიტანოს, გამომდინარე იქედან, რომ ამონიუმის ნიტრატი პოტენციურად ფეთქებადია.
„გადაზიდვის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ტონაა,“ ამბობს გაზეთის თანამოსაუბრე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, პორტისთვის, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ევროპასთან სავაჭრო ოპერაციების შეჩერების გამო, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დარტყმაა.
2022 წლის შედეგების მიხედვით, საერთაშორისო სანქციებით ყველაზე მეტად საზღვაო პორტი „სანქტ-პეტერბურგის დიდი პორტი“ დაზარალდა, ტვირთბრუნვა 37,5%-ით შემცირდა. 2023 წლის ბოლოს ტვირთბრუნვა გაიზარდა 28%-ით, მაგრამ 2021 წლის მაჩვენებელს 20%-ით მაინც ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.