უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგ ტრანშს, 880 მილიონ დოლარს მიიღებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკრაინის გაფართოებული დაკრედიტების პროგრამის მესამე მიმოხილვა დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის, მიღებას შეძლებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.


„სსფ-ის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს დაასრულა გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მესამე მიმოხილვა უკრაინისთვის. ეს დაახლოებით 880 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ტრანშის გამოყოფის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა უკრაინაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, გევინ გრეიმ.


მისი თქმით, დაფინანსების ახალი პაკეტის უკრაინაში ანგარიშებზე გადარიცხვა, შესაძლოა, უახლოეს ორ-სამ დღეში განხორციელდეს.

ფონდში აცხადებენ, რომ აუცილებელია, უკრაინამ რეფორმების სტაბილური იმპულსი შეინარჩუნოს. ეს, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ფისკალური მდგრადობის აღსადგენად, ინსტიტუციური რეფორმების გასაძლიერებლად და რეკონსტრუქციისა და ევროინტეგრაციის მცდელობებისთვის საფუძვლის ჩასაყრელად.