უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა „დნეპროჰესზე“ იერიში მიიტანა

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევა უკრაინის ენერგოსისტემის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა ჰიდროელექტროსადგური „დნეპროჰესი“.

ზაპოროჟიეში მდებარე უდიდეს ჰესზე შეტევა ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგომ“ დაადასტურა და რუსეთი დაადანაშაულა კახოვკის შემდეგ, ახალი ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევის მცდელობაში.

კომპანიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა „დნეპროჰესის“ კაშხალსა და ჰიდრონაგებობებზე იერიში მიიტანეს. სადგურზე ხანძარს ებრძვიან, კაშხალზე სიტუციას აკონტროლებენ და ნგრევის საფრთხე არ არსებობს.


როგორც ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვის აცხადებს, ხარკოვში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 15-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა. ქალაქი თითქმის მთლიანად ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი. 

„მიზანი, არამხოლოდ ზიანის მიყენება, არამედ ის იყო, რომ წინა წლის მსგავსად, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მასშტაბური დარღვევა გამოეწვია. სამწუხაროდ, რამდენიმე ბომბი მიზანს მოხვდა - დაზიანებულია გენერაციის ობიექტები და გადამცემი სისტემები. ასევე, მწყობრიდან გამოვიდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომწოდებელი ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი,“ - წერს გალუშენკო Facebook-ზე.


ამასთან, როგორც ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფედოროვი აცხადებს, 12 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზე. წინასწარი ცნობით, დაინგრა 7 სახლი, 35 კი დაზიანდა. არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული, დაინგრა. უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში. თავის მხრივ, რუსეთმა განაცხადა, რომ დივერსია უკრაინულმა მხარემ მოაწყო.

კაშხლის დანგრევამ ათეულობით ადამიანის სიკვდილი, მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი. უკრაინის მთავრობის ცნობით, კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა.