ზელენსკი: რუსებმა უკრაინას 90-მდე რაკეტითა და 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს - ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინას 90-მდე რაკეტითა და „შაჰედის“ 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

„ღამის განმავლობაში იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის თითქმის 90 რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის პარტნიორებს ესმოდეთ შეფერხებებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი.


„Patriot-ის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ დღეს განაცხადა, რომ რუსებმა დღეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს.

მისი თქმით, მტრის მიზანია სახელმწიფოს ენერგოსისტემის მუშაობის მასშტაბური შეფერხების პროვოცირება. თავდასხმის გამო, უკრაინის რიგ ოლქებში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.