კრემლში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ყოველთვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებდა, განაცხადეს, რომ უკვე ომში არიან.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტის“ დღეს, 22 მარტს განუცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსეთისთვის „ომი გახდა“ მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად მის მონაწილედ იქცა „კოლექტიური დასავლეთი.“
„ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ,“ - განცხადა პესკოვმა და დაამატა, რომ „ეს თითოეულს უნდა ესმოდეს თავისი შიდა მობილიზაციისთვის.“
სიტყვა ომი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც ახსენა 2024 წლის თებერვალში, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 1“-თან ინტერვიუში.
„ჩვენ ომი კი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ,“- განაცხადა მაშინ პუტინმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აწარმოებს სრულმასშტანიან ომს. რუსეთმა დღეს უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.