ევროკავშირის ელჩი: დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა - საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა: 9 ნაბიჯი

„ვიმედოვნებ, რომ საქართველო სრულად გამოიყენებს დარჩენილ დროს მომავალ ევროპულ საბჭომდე, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ ქვეყანამ შემდგომ ეტაპზე - მოლაპარაკებების გახსნაზე გადაინაცვლოს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, "საქართველო, რომელიც უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა".


„ბრიუსელში გუშინ და დღეს მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრა. დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. მათ განიხილეს ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, გაფართოება.

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი საშინაო დავალება ევროკავშირის შიგნით გრძელდება. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით გაფართოების საკითხს, სერიოზულად ვეკითხებით ახალი წევრების მიწვევას.

ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, რომ მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, ევროკავშირს შეუერთდეს, რომ დააჩქაროს მზადება.

ძალიან კარგი ამბავია უკრაინისა და მოლდოვისთვის, ბრწყინვალე ამბავია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რადგან ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები.

ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს, გააძლიეროს რეფორმები, განახორციელოს 9 ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ასევე გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ მუშაობას.

დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა. საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა - 9 ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად და უზრუნველვყოთ, რომ არ გაიფლანგოს დრო და რომ მომავალ რამდენიმე თვეში გვქონდეს საკმარისი პროგრესი ისე, რომ შემდგომ ეტაპზე გადანაცვლება შევძლოთ,“ - აღნიშნა ელჩმა.


მისი თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩი, მოხარულია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ მიაღწია საკმაო პროგრესს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ისე, რომ ლიდერებმა ქვეყანას პოზიტიური სიგნალი მისცეს.

„ასევე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ გვექნება პოზიტიური სიახლე, რომ მომავალ ევროპულ საბჭომდე დარჩენილ დროს, რომელიც გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული, საქართველოში ყველა სრულად გამოიყენებს, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ საქართველოს შემთხვევაშიც გვქონდეს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. თუკი თქვენ მეკითხებით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე - გთხოვთ, შეხედოთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს. აქ შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს და რას ველოდებით,“ - აღნიშნა ელჩმა.


ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნები მაქსიმალურ რესურს წარმოადგენენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებისთვის.

„ჩვენ, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია,“აღნიშნა ელჩმა.


კითხვას, უნდა იყოს თუ არა საქართველოში კოალიციური მთავრობა, ელჩის თქმით, ეს მხოლოდ ამომრჩეველთა გადასაწყვეტია.

„ქართველ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ. მე მხოლოდ შემიძლია გიბიძგოთ, რომ საარჩევნო კამპანია იყოს თავისუფალი, სამართლიანი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი პროგრამა, რომ ჩაატარონ კამპანია. მხოლოდ ამომრჩევლებზე იქნება დამოკიდებული, რომ ფარული ხმის მიცემის პროცესით გადაწყვიტონ, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში მომავალში.


ჩვენ ყველას გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ოდირს არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგენს საკმარის რესურსს, რომ გვქონდეს ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე. ჩვენ, ასევე, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია.


პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ.


ელჩი არჩევნებში ქართული დიასპორის მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ამისთვის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, თუმცა მოქალაქეებს მათი განსახლების არეალის მიუხედავად უფლება აქვთ, გამოხატონ თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით.

„ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს განსხვავებული წესი და რეგულაცია, როდესაც საქმე ეხება არჩევნებში დიასპორის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს, მათი განსახლების ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით, ფარულობის დაცვით,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.