მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკში, ფეშენებელურ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. რუსეთის სააგენტოების, მათ შორის, ტელეგრამ არხ Baza-ს ცნობით, 38 ადამიანი დაშავდა.


თვითმხილველების თქმით, ავტომატური იარაღიდან სროლა ატეხა კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სამმა პირმა იმ დროს, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. შემდეგ ისროლეს ხელყუმბარებიც.


შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია საკონცერტო დარბაზის შენობიდან, რომლის თავზეც ცეცხლის კვამლი მოჩანს.

რუსეთის ოფიციალურ მედიაში უკვე საუბრობენ ტერაქტის ვერსიაზე.