რა ვიცით მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შესახებ ამ დროისთვის:
BBC-ის მიხედვით: პარასკევს, 22 მარტს, მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა ყველაზე საშინელი იყო ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში. კომპლექსში შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
როგორ განვითარდა თავდასხმა
როკ-ჯგუფი პარასკევს საღამოს მოსკოვთან მდებარე, ხალხით სავსე Crocus City Hall-ში უნდა გამოსულიყო. ვიდეოზე ჩანს, რომ სულ მცირე ოთხი ადამიანი, რომლებიც შენიღბულები არიან, სროლას ტეხენ, ვიდრე თავად, უშუალოდ საკონცერტო დარბაზში შევიოდნენ და ცეცხლს უკვე იქ გახსნიდნენ.
რუსი გამომძიებლების თქმით, აალებადი სითხე გამოიყენეს ხანძრის გასაჩენად, რომელმაც შენობის ფასადი მოიცვა. სულ მცირე 133 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო სულ მცირე 60 კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.
ვინ არიან თავდამსხმელები?
რუსმა დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები გაიქცნენ თეთრი რენოს მარკის მანქანით, რომელიც პოლიციამ გააჩერა ბრიანსკის რეგიონში, მოსკოვიდან დაახლოებით 340 კმ-ის (210 მილი) დაშორებით. მათი ვინაობა არ არის დადასტურებული, მაგრამ რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ოთხი ეჭვმიტანილი, შეიარაღებული პირები, რომლებიც დააკავეს, რუსეთის მოქალაქეები არ არიან.
ვინ იდგა თავდასხმის უკან?
მოკლე განცხადებაში „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) განაცხადა, რომ თავდასხმის უკან იდგა. შაბათს მან ნიღბიანი თავდამსხმელების ფოტოც გამოაქვეყნა.
პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები დაკავებამდე უკრაინისკენ მიემართებოდნენ. კიევი რაიმე კავშირს უარყოფს.
BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის წყარო იუწყება, რომ Crocus City Hall-ზე თავდასხმის სულ მცირე ორი მონაწილე მოკლულია.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საკონცერტო დარბაზში, ხოლო მეორე ტერორისტი მაშინ მოკლეს, როდესაც უსაფრთხოების ძალებმა თეთრი რენოს მარკის ავტომობილი გააჩერეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ მფლობელობაშია ერთ-ერთი მოკლული ტერორისტის პასპორტის ასლი. ის 30 წლისაა და ტაჯიკეთის მოქალაქეა, თუმცა გამოცემა მისი სახელსა და გვარს არ ავრცელებს, რადგან "უცნობია, იციან თუ არა მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა."
BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის ცნობით, ისინი შამსიდინ ფარიდუნის დოკუმენტსაც ფლობენ. როგორც გამოცემა წერს, ეს სწორედ ის პირია, ვისი დაკითხვის ვიდეოც რუსულმა უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და რომელიც ბრიანსკის რეგიონში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს. ის 1998 წლის 17 სექტემბერს არის დაბადებული და ამჟამინდელი პასპორტი ტაჯიკეთში 2021 წელს მიიღო.