რუსეთის ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი და „ტელეგრამ“ არხები იუწყებიან, რომ ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკი დროებით მწყობრიდან გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროსადგურზე, სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ დრონების ფრენის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც, ნოვოჩერკასკის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები გაისმა.

ხანძრის გამო ავტომატურად გაითიშა 330 კვ-იანი მაღალი ძაბვის ხაზები - ტიხორეცკაია და როსტოვსკაია.


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, როსტოვის ოლქში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით შეაკავეს 11 „უკრაინული" უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინას დრონებით ამ შეტევაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ნოვოჩერკასკის თბოელექტროსადგური როსტოვის ოლქში ამ ტიპის უმსხვილესი სადგურია.


22 მარტს რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე „დნეპროჰესზე“.

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა, რომ ეს ომის დაწყების შემდეგ ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.