- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, გასული კვირის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის ათასზე მეტი საშუალება გამოიყენეს - რაკეტები, ე.წ. „კამიკაძე“ - დრონები და ავიაბომბები.
„კვირის განმავლობაში, რუსმა ტერორისტებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის თითქმის 190 რაკეტა, 140-მდე „შაჰიდი“ და 700-მდე სხვა მართვადი ბომბი. ამ ომის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთი კვირა არ ყოფილა, რომ რუსეთს ტერორიზმისგან თავი შეეკავებინოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა პილოტებს, საზენიტო მსროლელებს, მობილურ საცეცხლე ბრიგადას და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემის ოპერატორებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმებს ეწინააღმდეგებიან.
„რა თქმა უნდა, ჩვენი საჰაერო ფარი საჭიროებს მნიშვნელოვან გაძლიერებას - ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. მაგრამ ახლა მაინც რაკეტების ნაწილი და „შაჰიდების“ უმეტესობა ჩამოგდებულია ჩვენი ჯარისკაცების მიერ," - აღნიშნა ზელენსკიმ.