უკრაინის მასიური თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბენზინის წარმოება შეამცირეს და რეზერვების გაყიდვა დაიწყეს - მედია

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის დრონების მასიური თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ნავთობკომპანიებმა ბენზინის წარმოება შეამცირეს და დაგროვილი რეზერვების გაყიდვა დაიწყეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.


მათი მონაცემებით, რუსეთში ბენზინის წარმოება 13-19 მარტის კვირაში, წინა კვირასთან შედარებით 3,9%-ით და წარმოების გეგმასთან შედარებით 5,2%-ით შემცირდა - 779,4 ათას ტონამდე (111,3 ათასი ტონა დღეში).


წარმოების მინიმალური მოცულობა 18 მარტს დაფიქსირდა - 104,7 ათასი ტონა დღეში. თუმცა, მიუხედავად წარმოების შემცირებისა, ნავთობკომპანიებმა შიდა ბაზარზე მიწოდება 0,3%-ით - 794,2 ათას ტონამდე გაზარდეს.

ნავთობის სფეროს მუშაკებმა ასევე დაფარეს განსხვავება წარმოებასა და გადაზიდვებს შორის, ბენზინის რეზერვების გამოყენებით გადამამუშავებელ ქარხნებსა და სატანკო მეურნეობებში.


მარტში უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავმა ლუკოილის ნიჟნი ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველადი გადამამუშავებელი განყოფილება დააზიანა.

კომერსანტის მონაცემებით, ნავთობის გადამუშავებამ მარტში 722,6 ათასი ტონა დღეში შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 0,5%-ით ნაკლებია. ენერგეტიკის სამინისტრო ელოდება, რომ რიგ ქარხნებში ინდიკატორის შემცირება სხვა გადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების ზრდით ანაზღაურდება.

ამავდროულად, ნავთობის სფეროს მუშაკებმა მარტში ნავთობის ექსპორტი გაზარდეს. ამასთან, პეტერბურგის საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე ბენზინის ღირებულება ბოლო ორი კვირის განმავლობაში იზრდებოდა. უკრაინამ რეგულარული თავდასხმები რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თებერვალში დაიწყო.