უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება შეერთებული შტატების დახმარება, რადგან რუსეთი აგრძელებს სუვერენული ერის დაბომბვას, განაცხადა უკრაინაში აშშ-ს ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა 25 მარტს.
ელჩმა აღნიშნა რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსეთმა ასობით რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ.
"უკრაინას ახლა სჭირდება ჩვენი დახმარება. დასაკარგი მომენტი არ არის," - დასძინა ბრინკმა. 21 მარტიდან რუსეთმა განაახლა უკრაინის მასიური სარაკეტო დაბომბვა.
Ukrenergo-ს ხელმძღვანელის ვოლოდიმირ კუდრიცკის თქმით, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო ომის დაწყების შემდეგ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 10:30 საათისთვის, რუსეთმა კიევს ანექსირებული ყირიმიდან შეუტია ორი ბალისტიკური რაკეტით. უკრაინელი სამხედროების თანახმად, ორივე რაკეტა მოიგერიეს. კიევზე სარაკეტო თავდასხმა იყო 21 და 24 მარტსაც. დღეს, 25 მარტს, გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებზე. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. დაზიანდა სახლები და ელექტროქვესადგურები.