რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური თავდასხმების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლეთს, მიაწოდოს უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადგან ეს არის ერთადერთი იარაღი, რომელიც უკრაინას უიმედოდ სჭირდება თავის დასაცავად.
„მოგვეცით წყეული Patriot-ები - ჩვენ რომ საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ები გვქონდეს, შევძლებდით დაგვეცვა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლე, არამედ ასევე ჩვენი ეკონომიკა განადგურებისგან,“ განაცხადა დმიტრო კულებამ Politico-სთან.
მისი თქმით, ეს სისტემები ასევე ხელს შეუწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას ფრონტის ხაზზე, სადაც რუსული ავიაცია მასიურად იყენებს ავიაბომბებს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.
„როდესაც უკრაინული ჯარები კარგავენ პოზიციებს, მოდი ვნახოთ მიზეზი. ეს იმიტომ, რომ რუსეთმა მასიურად დაიწყო განახლებული საჰაერო მართვადი ბომბების გამოყენება“, - აღნიშნა კულებამ.
კულებას თქმით, ეს ბომბები არის იარაღი, „რომელსაც ვერ გაექცევი“, თუ სამიზნე ხარ.
„ეს ბომბები თავზე გეცემა და ყველაფერს ანადგურებს. ასე ვკარგავთ პოზიციებს და ამის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ამ ბომბების მატარებელი თვითმფრინავების ჩამოგდება. ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები ფრონტის ხაზზე," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.