NATO განიხილავს რუსული რაკეტების ჩამოგდების ვარიანტს, თუ ისინი მის საზღვრებთან ძალიან ახლოს იქნებიან, განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდჯეი სეინამ პოლონურ მედიასაშუალება RMF24-თან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სეინამ განმარტა, რომ რუსეთმა იცოდა, რომ თუ რაკეტა პოლონეთში კიდევ უფრო ღრმად შეაღწევდა, მას ჩამოაგდებდნენ.
„NATO-ს ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა კონცეფციის გაანალიზება, მათ შორის, ასეთი რაკეტების ჩამოგდება, როდესაც ისინი NATO-ს საზღვართან ძალიან ახლოს იქნებიან,“ აღნიშნა სეინამ.
„ასეთი წინადადება უკრაინულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს,“ განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, ვარშავა უპასუხებს რუსეთის ელჩის ქმედებას, რომელმაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება უგულებელყო და უწყებაში არ გამოცხადდა. პოლონეთის მოთხოვნით, ელჩ ანდრეევს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები უნდა გაეკეთებინა.
ანდრეევმა, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებდნენ თუ არა მისთვის რუსული რაკეტის შესვლის შესახებ მტკიცებულებების მიწოდებას. "მე ვერ მივიღე მკაფიო პასუხი," - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პოლონელ კოლეგებს, შესაბამისი ნოტის ფოსტით ან კურიერის საშუალებით გაგზავნა შესთავაზა.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს (რუსების მიერ) როგორც კანონის, ისე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევასთან,“ - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ელჩის გადაწყვეტილება აბსოლუტურად არასწორია და პოლონური მხარე შემდგომ ნაბიჯებს უახლოეს დღეებში გადადგამს.
„ეს არის უგულებელყოფის ნიშანი და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამ ქმედების მიმართ,” - აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან.
ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით.
ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.