სომხეთი სოფელ ჯილიზას საქართველოსთვის დასაბრუნებლად ემზადება. ყოველდღიურ სომხურ გაზეთ Zhoghovurd-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთი მზად არის, საზღვრების დემარკაცია მოახდინოს არამხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ, საქართველოსთანაც.
„ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ ჯილიზას, რომელიც მდებარეობს ალავერდის რაიონში. ეს საკითხი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განიხილა. სომხეთი და საქართველო სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხს 1992 წლიდან განიხილავენ. 1996 წლიდან კი, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები ფუნქციონირებს,“ წერს მედია.
საკითხთან დაკავშირებით მედია ასევე ავრცელებს ფაშინიანის პრესმდივნის კომენტარსაც, რომელიც საქართველოსა და სომხეთის პრემიერების საუბრების დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
„პრემიერმა თავის განცხადებაში თქვა, რაც მათ განიხილეს. საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის შესახებ განიხილეს დემარკაციის თემა ზოგადად განიხილეს, რომ დემარკაცია უნდა იყოს,“ ამბობს სპიკერი.
„მედიასაშუალებებში გავრცელდა „ინფორმაცია“, რომ თითქოს, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სომხეთი ალავერდის გაფართოებული თემის სოფელ ჯილიზას საქართველოს გადასცემს. სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის რომელიმე ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის განზრახვის, გეგმის ან შეთანხმების შესახებ ნებისმიერი განცხადება თუ „ინფორმაცია“ რეალობას თავისი არსითვე არ შეესაბამება. შესაბამისად, როგორც ადრე, ისე ახლაც და მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი შინაარსის პუბლიკაციას უარვყოფთ, მათი შინაარსის გამოგონილი ხასიათიდან გამომდინარე,“ - წერს ბაღდასარიანი მას შემდეგ, რაც ეს თემა მედიაში კვლავ გააქტიურდა.
28.04.2026. განახლება: სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სომხეთი საქართველოსთვის ტერიტორიის გადაცემას გეგმავს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერის ნაზელი ბაღდასარიანის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სომხეთი საზღვრის დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში საქართველოსთვის სოფელი ჯილიზას გადაცემას გეგმავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის დასრულების საკითხი დღის წესრიგში დგას.