კულება ინდოეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ინდოეთს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია კულებას პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დმიტრო კულება ნიუ-დელიში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარის მიწვევით იმყოფება. კულება ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება „მშვიდობის ფორმულას" დაეთმობა.

„ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნარენდრა მოდის დიალოგის საფუძველზე, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მშვიდობის ფორმულას დავუთმობთ,“ - წერს დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე.


ნიუ დელი რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების ფონზე, დიპლომატიური გადაწყვეტისს მოწოდებით გამოდის. ინდოეთი გახდა რუსული ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მყიდველი დასავლური სანქციების შემდეგ, თუმცა აშშ-ის სანქციების ზეწოლა სულ უფრო მეტად ემუქრება ამ ვაჭრობას და ინდოეთს უწევს, უარი თქვას რუსული ნავთობით მოვაჭრე ტანკერების მომსახურებაზე.


ამავდროულად, უკრაინა ცდილობს, ჩაერთოს ინდოეთთან და მოიპოვოს მისი მხარდაჭერა მშვიდობის ფორმულისთვის, ისევე როგორც სხვა ეკონომიკური პარტნიორობისთვის.

„უკრაინა-ინდოეთის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კავშირებს გავაძლიერებთ,“ წერს კულება.

კულებამ ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთში ეს მისი პირველი ვიზიტია.


ინდოეთში ვიზიტის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ კიევი განიხილავს ნიუ დელის, როგორც "მნიშვნელოვან გლობალურ პარტნიორს", რომელსაც აქვს "ძლიერი საერთაშორისო ხმა." უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ვიზიტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს ინდოეთ-უკრაინის კავშირებს.


„ეს იქნება ჩემი პირველი ვიზიტი ინდოეთში და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ქვეყანაში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. მიზანი ინდოეთ-უკრაინის ურთიერთობების გაძლიერებაა,“ აღნიშნა კულებამ.