უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას დახმარება სჭირდება, რათა რუსეთის შეტევისთვის მოემზადოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისში შეიძლება, დაიწყოს, ხოლო უცხოური დახმარება უკრაინას ახლა სჭირდება, რათა ვითარების სტაბილიზება შეძლოს. უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ სუმის ოლქში მისცა, რომელიც მუდმივი საარტილერიო დაბომბვების პირობებშია. მისი თქმით, გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ფრონტზე ვითარება დასტაბილურდა, თუმცა, ზამთრის თვეები საკმაოდ რთული იყო.
„ჩვეულებრივ, როდესაც არტილერიით უტევენ და სოფლებს ანადგურებენ, ამის შემდეგ ისინი ყოველთვის მათ ოკუპირებას ცდილობენ,” - განაცხადა ზელენსკიმ. მან სასაცილო უწოდა მოსკოვში ტერაქტის მომზადებაში უკრაინის დადანაშაულების მცდელობებს.
„მას [პუტინს] არ აღელვებს ეს ტერორისტული აქტი, ეკონომიკური აქტია, ნავთობის მრეწველობაა თუ ამ სფეროებიდან რომელიმე… [ის] გამოიყენებს ამას თავისი საზოგადოების მაქსიმალურად გასაერთიანებლად - მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მსხვერპლისა და დაჭრილების ასეთი რაოდენობაა, ის ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებს - გაამართლოს, რომ უკრაინა არ არსებობს,” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანია, ყოფილ საბჭოთა კავშირს მისი „იმპერიული დიდება“ და გეოგრაფიული საზღვრები დაუბრუნოს.
„მისთვის ჩვენ რუსეთის ფედერაციის სატელიტი ვართ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენ ვართ, შემდეგ - ყაზახეთი, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ გერმანია. როგორც მინიმუმ, გერმანიის ნახევარი… ეს აგრესიაა და პუტინის არმია შეიძლება, ევროპაში მივიდეს, და მაშინ შეერთებული შტატების მოქალაქეებს, შეერთებული შტატების ჯარისკაცებს ევროპის დაცვა მოუწევთ, ვინაიდან NATO-ს წევრი არიან,” - განაცხადა ზელენსკიმ.