ზელენსკი ჯონსონს ესაუბრა: კონგრესის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების სწრაფი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო. როგორც ზელენსკი სატელეფობო საუბრის შემდეგ აღნიშნავს, მან კონკრეტულად რუსეთის „საჰაერო ტერორის მკვეთრ ზრდაზე“ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ გასულ კვირას უკრაინის ქალაქებისა და თემების მიმართულებით 190 რაკეტა, 140 დრონი „შაჰედი“ და 700 მართვადი საჰაერო ბომბი გაუშვეს. უკრაინის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური გათიშულია.


„ამ ვითარებაში, კონგრესის მიერ უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების სწრაფი გადაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაღიარებთ, რომ წარმომადგენელთა პალატაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები, მაგრამ მთავარია, შევინარჩუნოთ უკრაინის დახმარების საკითხი, როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროების რაც შეიძლება მალე შეწყვეტის მნიშვნელობა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ. ჩვენ ასევე ვენდობით კონგრესის ხელმძღვანელობას ამ კუთხით,“ წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.