29 მარტის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 84 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი მასირებული შეტევისას 60 დრონი და სხვადასხვა ტიპის 39 რაკეტა გამოიყენეს.
ძირითადად გამოყენებული იყო ფრთოსანი რაკეტები. ასევე, 3 აერობალისტიკური „კინჟალი“ და 2 ბალისტიკური „ისკანდერ მ.“
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 26 რუსული რაკეტა და 58 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის კურსკის, რიაზანის, ბელგოროდის და სარატოვის ოლქებიდან და ანექსირებული ყირიმიდან ძლიერი სარაკეტო-საავიაციო დარტყმა უკრაინის სათბობ-ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელდა.