უკრაინელი მთავარსარდალი: ჩვენ მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგული პოზიციების რაოდენობას

ფრონტზე ვითარება კვლავ რჩება უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ, რომლებიც აკავებენ მტერს საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობის მიუხედავად. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. სირსკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფრონტზე ვითარება ახლა რთულია, უკრაინელი დამცველები უფრო მეტ პოზიციებს იბრუნებენ, ვიდრე კარგავენ.


„ფრონტზე სიტუაცია მართლაც რთულია, მაგრამ ფრონტზე არც შეიძლება სხვაგვარად იყოს. რა თქმა უნდა, ყოველი დღე მოითხოვს მაქსიმალურ ძალისხმევას ჩვენი ჯარისკაცებისგან და ოფიცრებისგან. მაგრამ ჩვენ არა მხოლოდ თავდაცვაზე ვართ, არამედ ყოველდღე სხვადასხვა მიმართულებით წინ მივიწევთ. გარდა ამისა, ჩვენს მიერ დაბრუნებული პოზიციების რაოდენობა აღემატება დაკარგულთა რაოდენობას“, - განაცხადა სირსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, მოწინააღმდეგემ ბოლო თვეებში საგრძნობლად გაზარდა საავიაციო აქტივობა, მართვადი ბომბების გამოყენებით, რომლებიც ანადგურებენ უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს. „სულ რამდენიმე დღის წინ, მტრის უპირატესობა, გასროლილი საბრძოლო მასალის კუთხით, დაახლოებით 6:1 იყო“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში უკრაინელებმა მოახერხეს სიტუაციის გათანაბრება არტილერიით და ამან მაშინვე იმოქმედა ზოგად ვითარებაზე.

„მტერი ყოველდღიურად არა მარტო მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის ადამიანურ ძალებსა და აღჭურვილობაში, არამედ ის ვერსად ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი," - განაცხადა მთავარსარდალმა.


სირსკის თქმით, მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში მტერმა დაკარგა 570-ზე მეტი ტანკი, დაახლოებით 1 430 ჯავშანტექნიკა, თითქმის 1 680 საარტილერიო სისტემა და 64 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

„ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ კონტროლის შენარჩუნებას მთავარ სიმაღლეებზე და თავდაცვით ტერიტორიებზე. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ჩვენი ტერიტორიის დაკარგვა, მაქსიმალურად ამოვწუროთ მტრის შესაძლებლობები, მივაყენოთ მას მაქსიმალური დანაკარგები და მოვამზადოთ რეზერვები შეტევითი მოქმედებებისთვის“, - აღნიშნა სირსკიმ.