თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში 9 მაისს გაემგზავრება. ამის შესახებ Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რომელიც თავის თურქ კოლეგას თეთრ სახლში პირველად უმასპინძლებს.
სააგენტოს თანამოსაუბრეს ვიზიტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუსაჯაროებია, თუმცა განაცხადა, რომ თურქეთის დაზვერვის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს დაგეგმილი ვიზიტისა და სხვა ორმხრივი საკითხების განსახილველად შეხვდება.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი და თავდაცვის მინისტრი იასარ გულერი ხუთშაბათს და პარასკევს ასევე შეხვდნენ ამერიკულ დელეგაციას. ვაშინგტონსა და ანკარაში აშშ-ის საელჩოს ვიზიტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვაშინგტონში ერდოღანის ვიზიტი პირველი იქნება 2019 წლის შემდეგ, როდესაც ის მაშინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ანკარა პრეზიდენტებს შორის პერსონალურ შეხვედრას ითხოვდა.
ურთიერთობები თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც დიდი ხანია, დაძაბული იყო მთელი რიგი საკითხების გარშემო უთანხმოების გამო, დათბა მას შემდეგ, რაც ანკარამ იანვარში შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება მოახდინა.
თუმცა, დაძაბულობა რჩება, მათ შორის, ჩრდილოეთ სირიის საკითხის გარშემო. ვაშინგტონი ასევე ითხოვს ანკარისგან მეტ ძალისხმევას, რათა შეაჩეროს საქონლის ტრანზიტი რუსეთში.
ცოტა ხნის წინ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მაისში გეგმავს ვიზიტს ანკარაში, 2023 წლის დეკემბერში ერდოღანის მსგავსი ვიზიტის საპასუხოდ, ორმხრივ ურთიერთობებში „დაძაბულობის დასაძლევად.“
თეთრმა სახლმა ასევე გამოაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას ვიზიტი შეერთებულ შტატებში 15 აპრილს, რომლის დროსაც ის მოლაპარაკებებს გამართავს ბაიდენთან.