Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი დაიღუპა - Meduza

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ტიმურ მიასნიკოვი დაიღუპა.

ის მოსკოვში უკრაინის ომიდან, ოჯახთან შესახვედრად ჩავიდა, თავდასხმის დროს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა "რუსეთის ოფიცრების" სამარის ფილიალის ხელმძღვანელმა არტურ მალივანჩუკმა. ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი რესურსი Meduza ავრცელებს.


მიასნიკოვი რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მე-3 ცალკე სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობდა. მალივანჩუკის თქმით, ეს არის ქალაქ ტოლიატში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მინიმუმ 2015 წლიდან მონაწილეობს.

ტერაქტის დროს დაღუპული რუსი ოფიცერი უკრაინაში სულ მცირე ბოლო ორი წლის განმავლობაში იბრძოდა. ტიმურ მიასნიკოვი ასევე მონაწილეობდა კოსოვოსა და ტაჯიკეთში მიმდინარე „რუსეთის სამხედრო ოპერაციებში.“

ბოლო მონაცემებით, მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა.