უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც რუსეთი უკრაინის 2022 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიას დაკარგავს, ეს ვლადიმერ პუტინს დიალოგის დაწყებას აიძულებს.
„ჩვენ არ დაგვჭირდება ყველა ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია მხოლოდ ომის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პუტინი დაკარგავს იმას, რაც 2022 წლის შემდეგ დაიპყრო, ის მთლიანად დაკარგავს იმ ქვეყნების ნდობასაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, დაუჭირონ თუ არა მხარი უკრაინას. ის ასევე დაკარგავს ძალაუფლებას თავის სახელმწიფოში. როგორც კი ეს მოხდება, ის მზად იქნება დიალოგისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში.
„და როცა ის მზად იქნება დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პირობები უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების დრო და ასევე ის, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, მეორე თუ მესამე საკითხია.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ პუტინი იძულებული უნდა გახდეს, ყურადღება მიაქციოს თავისი სახელმწიფოს განვითარებას და არა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს.
„ამისთვის, ჩვენ გვჭირდება მისი დასუსტება. მისი შესუსტება საერთაშორისო დონეზე. როგორ? მისი ეკონომიურად იზოლირება სანქციებით," - განაცხადა ზელენსკიმ.