კულება: თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გადაინაცვლებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდება, პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და NATO-ს ქვეყნებში გაემართება

დმიტრო კულებამ ინდურ გამოცემა The Times of India-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანია საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის აღდგენა

„არ ვიცი როდის, მაგრამ რუსეთი ნამდვილად შეიძლება, თავს დაესხას NATO-ს - ერთი პირობით. თუ დასკვნამდე მივა, რომ NATO-ს პასუხი ადეკვატური არ იქნება. რუსეთი ალიანსის შიგნით უთანხმოებების გამოყენებას შეძლებს, რათა NATO-ს მხრიდან მყისიერი და გამანადგურებელი პასუხი არ მიიღოს.


ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანი უბრალოდ უკრაინის დაპყრობა არ არის - ეს არის საერთაშორისო არენაზე საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო,” - განაცხადა კულებამ.


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნების დამოუკიდებლობას არ ეთანხმება და მათ დღემდე ყოფილ პროვინციებად განიხილავს.

„ამდაგვარ, რუსეთის იმპერიალისტური პროექტის მომავალი უკრაინაზეა დამოკიდებული. როდესაც რუსეთი ამ ომს წააგებს, მას ახალი პოლიტიკური მოდელის მიღება მოუწევს, რომელიც იმპერიალისტურ ექსპანსიას არ მოიაზრებს. თუ რუსეთი უკრაინაში მარცხს არ განიცდის, მაშინ პუტინი თავისი წარმატებით იქნება შთაგონებული და ნატო-ს ქვეყნებში გაემართება,” - განაცხადა კულებამ.